თავდამსხმელი ტროტუარზე გამვლელებს ფურგონიანი ავტომობილით შეეჯახა. ავტომანქანას ტორონტოს მახლობლად მდებარე ქალაქ რიჩმონდ-ჰილის მცხოვრები, 25 წლის ალეკ მინასიანი მართავდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტორონტოს პოლიციის უფროსის, მარკ სონდერსის განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა გამოძიება გრძელდება.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მომხდარს ტრაგიკული და სასტიკი თავდასხმა უწოდა.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 30 კილომეტრში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების - კანადის, აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობდა.