რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„პუტინი რუსეთის დიდების აღდგენაზე ოცნებობს. მასზე გავლენა მოახდინა დამცირებამ, რაც ბერლინის კედლის დანგრევას და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა. ამის გაგება შემიძლია. მაგრამ ჩემთვის რუსეთი ევროპაა, მაშინაც კი, როცა რუსეთი თითქმის არასდროს იცნობდა ისეთ დემოკრატიას, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საფრანგეთის საქმეებში ჩარევას არ დაუშვებენ. ემანუელ მაკრონის თქმით, ის ინტერვენციის მომხრე არ არის და არ სურს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც მან განმარტა, მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებში მონაწილეობდა, ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარი ქიმიური თავდასხმა იყო.