აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მილიონობით დოლარით აფინანსებდა ამ ორგანიზაციის მავნებლურ საქმიანობას.
მნუჩინის განმარტებით, შემზღუდავი ზომები მიღებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, რადგან ამ ქვეყნის იურიდიულ პირებზე წვდომას ირანის ცენტრალური ბანკი ბოროტად იყენებდა ამერიკული ვალუტის შესაძენად.
აშშ-ის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს საქმიანი ურთიერთობა ეკრძალება სანქციათა ნუსხაში შეტანილ პირებთან.
ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი“ 1979 წელს შექმნილი ელიტური, სამხედრო-პოლიტიკური ფორმირებაა, რომელსაც მიზნად აქვს გამოცხადებული ისლამური რევოლუციის მონაპოვრის დაცვა. კორპუსის შემადგენლობაში არიან: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ძალები და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი, რომელიც სამხედრო ოპერაციებს ირანის საზღვრებს გარეთ ატარებს.