weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღაზას სექტორის საზღვართან შეტაკებების შედეგად ათობით პალესტინელი დაიღუპა

10:12 სამშაბათი, 15 მაისი 2018

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 55 პალესტინელი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ცნობით, ღაზას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაშავებულია 2700 ადამიანი.

მოძრაობა „ჰამასის“ ხელმძღვანელობით, პალესტინელები ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ღაზას სექტორის საზღვართან მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მართავდნენ. 14 მაისს ისინი იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რასაც ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მოქმედება წარმოადგენდა თავდაცვას რადიკალური დაჯგუფება „ჰამასისგან“, რომელიც „ღაზას აკონტროლებს და მიზნად ისახავს ისრაელის განადგურებას“. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ცეცხლი გაუხსნეს არა დემონსტრანტებს, რომლებიც „ცრემლსადენი გაზით დაშალეს“, არამედ ექსტრემისტებს.

თეთრმა სახლმაც შეტაკებებში „ჰამასი“ დაადანაშაულა. აშშ-ის განცხადებით, ძალადობა პალესტინელების დაჯგუფების მიერ იყო პროვოცირებული. პალესტინელები კი სისხლისღვრაში ისრაელის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და საერთაშორისო საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაგმო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაოფ ერდოღანმა კი პალესტინელების დახოცვა გენოციდს შეადარა. გერმანიამ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ამავე დროს რეაქცია საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

2017 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს ამ ქალაქში გადაიტანდა. 14 მაისს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს 70-ე წლისთავს დაამთხვიეს, ტრამპმა განაცხადა, რომ „სრულიად ერთგული“ რჩება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]