weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კოლუმბიის სანაპიროსთან აღმოჩენილ გემზე $17 მილიარდი ღირებულების განძია

10:39 ორშაბათი, 28 მაისი 2018

„ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალის“ მეტსახელით ცნობილი ესპანური გალეონი „სან ხოსე“ კოლუმბიის სანაპიროსთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს 1708 წელს ჩაიძირა. კარიბის ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემი სამი საუკუნის შემდეგ, 2015 წელს აღმოაჩინეს, რამდენიმე დღის წინ კი მკვლევარებმა აღმოჩენის დეტალები გაამჟღავნეს.

მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (WHOI) საზღვაო მეცნიერთა თქმით, „სან ხოსეს“ ჩაძირული სიმდიდრის ღირებულება ამჟამინდელი კურსით 17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი აღმოჩენა ავტომატური წყალქვეშა მოწყობილობის, REMUS 6000-ის საშუალებით მოხერხდა, როდესაც კოლუმბიის ბარუს ნახევარკუნძულის სანაპიროებს იკვლევდნენ. WHOI-ის განცხადებით, გემი ოკეანის ფსკერზე, 600 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული.

მკვლევართა თქმით, კოლუმბიის ხელისუფლების თხოვნით, ინფორმაციას ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდნენ.

ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ფლოტში არსებული გემი 1708 წელს, ბრიტანეთის ესკადრონთან ბრძოლისას ჩაიძირა. განძის გარდა, ხომალდი ასევე დატვირთული იყო თოფის წამლის მნიშვნელოვანი არსენალით, რომელიც აფეთქდა და ეკიპაჟის 600 წევრი იმსხვერპლა.

მეცნიერებმა გემის ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაადგინეს, მაგრამ კოლუმბიის ხელისუფლებამ „სან ხოსეს“ ამოღების უფლება არავის მისცა. ამას მოჰყვა სამართლებრივი დავა კოლუმბიის მთავრობასთან, რადგან გემი სწორედ კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში იყო ჩაძირული. შესაძლოა ახლა პრეტენზია ესპანეთმაც გამოთქვას, რადგან „სან ხოსე“ ესპანეთის დროშის ქვეშ ცურავდა.

მსგავს განხილვათა ფონზე, გასულ თვეს გაერო-მ კოლუმბიას მოუწოდა, არ გამოიყენოს ჩაძირული გემის განძი კომერციული მიზნებისთვის, რადგან მისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ზედმეტად დიდია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მოხდება „სან ხოსეს“ სიმდიდრის ამოღება, თუმცა როგორც ჩანს, განძის ოდენობიდან გამომდინარე, ისტორია ასე მარტივად არ დასრულდება.

„სან ხოსეს“ აფეთქება, სამუელ სკოტის ნახატი:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]