weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

01:48 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

29 მაისს, უკრაინის დედაქალაქში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით იყო ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ზურგში სამი ტყია ესროლეს. დაჭრილი ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოლმა იპოვა. ის იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გადაჰყავდა.

კიევის პოლიცია მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად მის პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო პოზიციას განიხილავს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და უმაღლესი რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მკვლელობაში დამნაშავე პუტინის რეჟიმია. გერაშენკო სოციალურ ქსელში მკვლელობის დეტალებს ჰყვება:

„დღეს, კიევში, საცხოვრებელი ბინის ზღურბლზე, მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე და უკრაინის მეგობარი. სახლში პური გათავდა და არკადი მაღაზიაში წავიდა. მკვლელი მას სადარბაზოში ელოდა. როდესაც არკადიმ სახლის კარი გააღო მკვლელმა უღირსად, ზურგში რამდენჯერმე ესროლა. საუკეთესო გამომძიებლები გამოიძიებენ ამ სასტიკ მკვლელობას. ცხადია, რომ ერთ-ერთი ვერსია იქნება რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიმართლის თქმით ხელს უშლიან რუსების ცნობიერების მოწამვლას“, - წერს რადას დეპუტატი.

გერაშენკოს თქმით, რუსი ჟურნალისტი კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც რუსეთის თავისუფლებისა და უკრაინის მშვიდობისთვის ეწამა.

„დღეს არკადიმ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზუსტად 4 წლის წინ ამ დღეს, გენერალმა კულჩიცკიმ უარი უთხრა იმ თვითმფრინავის ბორტზე ასვლაზე, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში რუსმა ტერორისტებმა ჩამოაგდეს. არკადი წერდა, რომ დღეს მისი მეორე დაბადების დღეა“, - აღნიშნავს ანტონ გერაშენკო.

რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟურნალისტის მკვლელობა პროვოკაციად შეაფასა: „ჩვენ შეშფოთებული ვართ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობით.

მას ვიცნობდით, როგორც გამოცდილ სამხედრო ჟურნალისტს, თავისი განსაკუთრებული ხედვით, რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკული შეხედულებებით. სწორედ ამიტომ მის მკვლელობას ღიად პროვოკაციული ხასიათი აქვს

“, - განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფელოტოვმა.

არკადი ბაბჩენკო ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილეა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მან სამხედრო კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა და მრავალ გამოცემასთან თანამშრომლობდა, მათ შორის „ნოვაია გაზეტა“-სთანაც. 

„რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ცნობით, გასულ წელს, 40 წლის არკადი ბაბჩენკომ რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ და ციხეში ჩაესვათ. „ამიტომ გადავწყვიტე დროებით წავიდე... მათ კურსი აიღეს არა დაპატიმრებებსა და რეპრესიებზე, არამედ ხალხის გაძევებას ცდილობენ“, - განაცხადა ბაბჩენკომ 2017 წლის თებერვალში ვიდრე მოსკოვიდან გაემგზავრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]