საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის თქმით, ახალი სახელწოდება ნათლად წარმოაჩენს განსხვავებას საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და სახელმწიფო მაკედონიას შორის.
ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება, წლის ბოლომდე კი ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ისტორიულ შეთანხმებას“ მიესალმება. მან მხარეებს მოუწოდა, ახალი სახელწოდების დამტკიცებასთან დაკავშირებული ფორმალური ნაწილი დაასრულონ. მისივე თქმით, ეს სკოპიესთვის იქნება ახალი გასაღები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებისკენ.
მაკედონია იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 142-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სახელწოდებას „მაკედონიის რესპუბლიკა“. საბერძნეთის წინააღმდეგობის გამო 1993 წელს, გაერო-ს წევრი ქვეყანა დროებითი სახელით - „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ გახდა. საბერძნეთმა მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლება საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაშიც დაადანაშაულა და 2008 წელს დაბლოკა მაკედონიის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში.