weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

10:23 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს.

ნიკი ჰეილიმ საბჭო გააკრიტიკა და მას ფარისევლური ორგანიზაცია უწოდა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს და ადამიანის უფლებებს სასაცილოდ იგდებს.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს უკან დახევას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. პირიქით, ამ ნაბიჯს ვდგამთ იმიტომ, რომ ჩვენი ვალდებულებები უფლებას არ გვაძლევს დავრჩეთ იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ადამიანის უფლებებს სასაცილოდ იგდებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისივე თქმით, საბჭო დიდი ხნის განმავლობაში იყო ადამიანის უფლებათა დამრღვევების დამცველი, ის სახელმწიფოები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ კვლავ აგრძელებენ საბჭოში მუშაობას და აირჩევიან მის წევრებად. ნიკი ჰეილიმ მაგალითად მოიყვანა ვენესუელა, ჩინეთი, კუბა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

როგორც ჰეილიმ აღნიშნა, რეფორმების გატარების შემთხვევაში, აშშ საბჭოში დაბრუნდება.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ზაიდ რაად ალ ჰუსეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, თუმცა ეს მოულოდნელი სიახლე არ ყოფილა.

„მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აშშ უფრო აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს და არა უკან იხევდეს“, - განაცხადა ზაიდ რაად ალ-ჰუსეინმა.

აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმეს გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა. „საერთაშორისო ამნესტიის“ განცხადებით, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო სრულყოფილი არ არის, ის კვლავაც მნიშვნელოვან ძალად რჩება ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობისთვის.

აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ადამიანის უფლებათა საბჭოს კრიტიკა ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა და ჟენევაშია ბაზირებული. აშშ საბჭოს წევრი 2009 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]