weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთში ოპოზიციის და ერდოღანის მხარდამჭერები აქციებს მართავენ

17:43 შაბათი, 23 ივნისი 2018
ინჯეს მხარდამჭერი აქცია იზმირში ინჯეს მხარდამჭერი აქცია იზმირში

თურქეთში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები მასობრივ აქციებს მართავენ.

პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, მუჰარემ ინჯის მხარდასაჭერად აქციები ქალაქებში სტამბოლსა და იზმირში გაიმართა. ოპოზიციის თქმით, იზმირში ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა, რაც თურქეთის უახლეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

52 წლის მუჰარემ ინჯე, რომელიც სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, გამოკითხვების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩამორჩება, თუმცა მეორე ტურში გასვლის კარგი შანსი აქვს. ინჯე და მისი მხარდამჭერები მუსტაფა ქემალ ათათურქის იდეებს იზიარებენ. ინჯეს გარდა მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტები არიან მერალ აქშენერი (61 წლის, ნაციონალისტური „კარგი პარტია“), სელაჰატინ დემირტაში (45 წლის, „ხალხთა მშვიდობის პარტია“, რომელსაც ქურთები უჭერენ მხარს. დემიტრაში პატიმრობაშია), თემელ ქარამოლაოღლუ (77 წლის კონსერვატიული „ბედნიერების პარტია“); დოღუ პერინჯეკი (76 წლის, „პატრიოტული პარტია“ (ყოფილი „მუშათა პარტია“));

ოპოზიციის მომხრეები შიშობენ, რომ არჩევნები, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის პირობებში, შესაძლოა გააყალბონ. იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს, მეორე ტური 8 ივლისს გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში, ერდოღანი იმაზე მეტი ძალაუფლებას მოიხვეჭს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად პრეზიდენტი თავად ნიშნავს მინისტრებს, წარადგენს ბიუჯეტს, ასახელებს მოსამართელობის კანიდატებს უმაღლესი დონის სასამართლოებში და გამოსცეს ბრძანებებს, რომელსაც კანონის ძალა აქვს. პრეზიდენტს შეუძლია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დაითხოვოს მეჯლისი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 15 წელია თურქეთის სათავეშია. 2003-2014 წლებში იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2014 წელს კი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]