weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

6 ქვეყანა ყატარს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მასთან კავშირს წყვეტს

14:33 ორშაბათი, 05 ივნისი 2017
ყატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ალ თანი ყატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ალ თანი ფოტო: © Reuters

საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარი რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. ამ ქვეყნების მთავრობები ამტიცებენ, რომ ყატარი ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ალ-ქაიდას უჭერს მხარს.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყატარის დიპლომატებს 48 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. საემიროების ავიახაზები: Etihad, Emirates და Flydubai დოჰადან ყველა ფრენას გააუქმებენ. ოფიციალური აბუ-დაბის განცხადებით, ყატარი მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმს.

საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა ყატართან საზღვრები დაკეტა და მეზობელთან საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა გაწყვიტა. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ზომები ტერორიზმისა და ექსტრემიზმისგან თავდაცვის მიზნით მიიღეს.

ყატართან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეწყვიტა ეგვიპტემაც.

აღნიშნული ქვეყნების ბრალდებები ყატარის საგარეო უწყებამ უარყო და გადაწყვეტილებას უსამართლო და უსაფუძვლო უწოდა.

ამ საკითხს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გამოეხმაურა, რომელმაც ქვეყნებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„არამგონია ამ გადაწყვეტილებას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს, თუ საერთოდ ჰქონდა შედეგი, რეგიონში ან გლობალურად ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ტილერსონმა. 

აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ერ-რიადში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაბულ ქვეყნებს რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ყატარი, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრია, მუდმივად უარყოფს ერაყის შიიტი ლიდერების ბრალდებებს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერია. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]