BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს, 107 000-ზე მეტი პირი კი საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. დახურეს მრავალი მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია და უმაღლესი სასწავლებელი.
თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. 2016 წლის 20 ივლისის მოვლენების დროს 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო მდგომარეობა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ გაუქმდა. წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი კანდიდატები ხალხს პირდებოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რასაც გააკეთებდნენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იქნებოდა. იგივე დაპირება ჰქონდა რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც. არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ერდოღანმა და მისმა პარტიამ გაიმარჯვეს. ქვეყანა მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადავიდა, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოვდა.