weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბერძნეთში ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

19:29 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

საბერძნეთში, ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის განცხადებით, სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება.

„დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ვაცხადებთ 3-დღიან გლოვას, მაგრამ მწუხარებამ არ უნდა დაგვამარცხოს, რადგან ეს საათები ბრძოლის, ერთიანობის, მხნეობის და ყველაზე უფრო მეტად - სოლიდარობის საათებია“, - ციტირებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას Associated Press-ი.

გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ ათენთან ახლოს მდებარე საზღვაო კურორტზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-დან 74-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. საავადმყოფოებში მოთავსებულია 187 ადამიანი, მათგან 27 ბავშვია.

ხანძრის ორი ძირითადი კერა ორშაბათს, 23 ივლისს, ათენთან მდებარე საკურორტო ქალაქ კინეტასთან და რაფინას პორტთან გაჩნდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ყველაზე მეტი ადამიანი სოფელ მატიში დაიღუპა, რომელიც ათენიდან 40 კილომეტრშია. ისინი, ვინც სტიქიის ზონიდან გაქცევას ცდილობდნენ, ავტომობილებში დაიწვნენ, ზოგი კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიღუპა. ადამიანების ნაწილმა თავს ზღვაში შესვლით უშველა.

პრემიერ-მინისტრმა პროვინცია ატიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა, საბერძნეთში ვერტმფრენები, სახანძრო ტექნიკა და მეხანძრეები გაგზავნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 ივლისიდან საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა ორივე მათგანი ნაპოვნია და უსაფრთხოდაა.

„24 ივლისის 16:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა. ამ ეტაპზე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებულთა შესახებ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ათენის გარეუბნებში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ გარდაცვლილან, ან დაშავებულან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გააგრძელონ საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]