weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თავზე ჩამოცმული ტომრების გამო შს მინისტრის მოადგილემ გადაცემა დატოვა

23:10 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანი" დატოვა, სადაც აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების ახალ დეტალებზე უნდა ესაუბრა. ხუციშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას საქციელი გახდა, რომელმაც გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად თავზე დაფარებული ტომრის მოხსნაზე უარი თქვა.

"არჩევანის" სტუდიაში ტომარა ყველა ჟურნალისტს ეფარა. გადაცემაში ჩართვისთანავე, შალვა ხუციშვილმა მათ სთხოვა, ტომრები მოეხსნათ, რადგან "პერფორმანსი" შემდგარი იყო.

"სანამ საუბარს დავიწყებთ, ჩემი თხოვნა იქნება, უმჯობესია, მოიხსნათ ეგ რაც გაფარიათ თავზე იმიტომ, რომ პერფორმანსი, რაც ვნახეთ, შედგა, გასაგებია ეს პოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბრის მიზანია, საქმიანად რაღაც დეტალები მოგაწოდოთ. პერფორმანსში მონაწილეობის ხასიათი ნამდვილად არ მაქვს. უხერხულია ელემენტარულად. ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ერთ ჟურნალისტს, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობას, სამართალდამცავ სტრუუქტურებს, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს და ამ დროს, პარალელურად, რაღაც აქცია მიმდინარეობს", - განაცხადა ხუციშვილმა.

მან გიორგი გაბუნიას მიმართა, რომ თუ ტომარას არ მოიხსნიდა, გადაცემას დატოვებდა.

"მე სტუმრებთან დაკავშირებით არ მაქვს იმედანად დიდი რეაქცია, არამედ თქვენთან დაკავშირებით. ანუ უნდა ვისაუბროთ, ერთამანეთს ვუყუროთ და ამ დროს გიყურებთ თავზე ტომარაჩამოფარებულს. მემგონი, ეს ნორმალური არ არის. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია - ან ვაგრძელებთ და მოისმენთ ინფორმაციას, ან მარტივად შემიძლია დავტოვო გადაცემა. მე მგონი, ეს ჟურნალისტის ელემენტარული ეთიკაა. არ მინახავს არცერთი სერიოზული გადაცემა არცერთ სერიოზულ არხზე, სადაც თავზე ტომარაჩამოფარებულ ჟურნალისტს მიჰყავს ეთერი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად", - აღნიშნა მინისტრის მოადგლემ.

გიორგი გაბუნიამ ტომარის მოხსნაზე უარი თქვა, რის შემდეგაც შალვა ხუციშვილმა პირდაპირი ეთერი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ მხარდაჭერა მსგავსი ფორმით დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზეც გამოხატეს. ისინი აფგან მუხთარლის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში იმყოფება, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]