„არ დაგავიწყდეთ, თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, ჩვენი ალაჰი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა“, - სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ერდოღანმა რიზეს პროვინციაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მანამდე კი, მოქალაქეებს მოუწოდა, ოქრო და დოლარები თურქულ ლირაში გადაცვალონ.
10 აგვისტოს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 18%-ით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი დაახლოებით 6 თურქულ ლირას უდრის.
ეროვნული ვალუტა ეკონომიკური კრიზისისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე უფასურდება.
აშშ-მა თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე უარის გამო, აგვისტოს დასაწყისში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს და იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გიულის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში 20 წელზე მეტი ცხოვრობდა, 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. ორივე ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს, გარდა ამისა, გიულენი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის იდეოლოგად მიაჩნიათ.