ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც შაქრისა და კოფეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან, შესაძლოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს.
„ბავშვთა ჭარბწონიანობა ჯანდაცვის მხრივ ამ ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის გამოც ვცდილობთ მნიშვნელოვანი ზომები მივიღოთ ახალგაზრდა ადამიანების მიერ შაქრის მოხმარების შესამცირებლად და ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაში ოჯახების დასახმარებლად. ათასობით ახალგაზრდა რეგულარულად მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელს, ხშირად იმის გამო, რომ ის უფრო იაფია, ვიდრე სხვა გაზიანი სასმელი“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
როგორც BBC წერს, ენერგეტიკული სასმელები დიდი ოდენობით კოფეინს შეიცავს. მისი ოდენობა 250 მლ სასმელზე 80 მგ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად, ერთი ქილა კოკა-კოლას შემადგენლობას. კოკა-კოლა კლასიკის 330 მლ-იან ქილაში დაახლოებით 32 მგ კოფეინია.
კოფეინის მაღალი დონე შფოთვის, პანიკური შეტევის და წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელები დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს, რაც დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტთან, კარიესთან და სიმსუქნესთან.
ზრდასრულთათვის დღეში არაუმეტეს 400 მგ ენერგეტიკული სასმელის დალევა უსაფრთხოა.