weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კემნიცში მიგრანტების წინააღმდეგ აქცია და კონტრაქცია გაიმართა

14:13 კვირა, 02 სექტემბერი 2018

აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კემნიცში 1-ელ სექტემბერს ორი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 9.5 ათასი ადამიანი გამოვიდა. მათმა ნაწილმა გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა, ნაწილმა კი ძალადობა და სიძულვილი. კონტრაქციის მონაწილეებს შორის კემნიცის მერიც იყო.

მიგრანტების წინააღმდეგ აქციაში ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერები, ქსენოფობიური მოძრაობა Pegida-ს და მემარჯვენე მოძრაობა Pro Chemnitz-ს წევრები მონაწილეობდნენ. მათ მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლთა ფოტოები ეჭირათ.

ულტრამემარჯვენეების მსვლელობა უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, ვიდრე კონტრაქცია. მასში მონაწილეობა დაახლოებით 4500-მა ადამიანმა მიიღო. როგორც ზოგიერთი ჟურნალისტი „ტვიტერზე“ წერდა, აქციაში მონაწილეობის მისაღებად აქტივისტები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და შვეიცარიიდანაც კი ჩავიდნენ.

რაც შეეხება კონტრაქციას, სიძულვილი და ძალადობა დაახლოებით 3500 ადამიანმა გააპროტესტა, მათ შორის კემნიცის მერმა, ბარბარა ლუდვიგმა და მემარცხენეთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დიტმარ ბარჩმა. კონტაქციის მონაწილეებმა მემარჯვენე რადიკალებისთვის გზის გადაღობვა ქუჩაში გერმანიის კონსტიტუციის დადებით სცადეს.

„მემარჯვენე წამქეზებლებს სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა საშუალებით აღვუდგებით წინ“, - განაცხადა კემნიცის მერმა.

 კონტრაქციის მოწოდება „სიყვარული და არა სიძულვილი“

აქციებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1200-ზე მეტი პოლიციელი გერმანიის რამდენიმე ფედერალური მიწიდან იყო მობილიზებული. მათ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მსვლელობას გზა გადაუკეტეს და აქციის დაშლსკენ მოუწოდეს. საბოლოო ჯამში, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, დაშავდა ათამდე პირი.

1-ელ სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობა, განაცხადა, რომ ხალხი გაბრაზებულია გერმანიის მოქალაქის სასტიკი მკვლელობით და იქვე აღნიშნა, რომ ძალადობის გასამართლებლად ეს მიზეზი არ არის: „ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და პოლიტიკურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია და გაყოფა“.

კემნიცში მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ 35 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის საქმეზე სირიელი და ერაყელი ორი მამაკაცი დააკავეს.

გერმანიში მემარჯვენეების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას კანცლერ ანგელა მერკელის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა იწვევს, რომლის შედეგადაც 2015 წელს ასი ათასობით მიგრანტი, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, გერმანიაში ჩავიდა. ამ ფონზე, გასულ წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტში პირველად მოხვდნენ ულტრანაციონალისტები - „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]