„თვრამეტჯერ ვცადეთ, მიგვეღწია შეთანხმებას რეფერენდუმზე, პასუხი კი ყოველთვის იყო - „არა“. სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ხმის მიცემისა. მოვუწოდებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მხარი დაგვიჭირონ და დაგვეხმარონ, დავიცვათ უფლებები, რომელსაც კატალონიაში საფრთხე ემუქრება, ისეთი უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება და ხმის მიცემის უფლება.“ - მოუწოდა გვარდიოლამ დემონსტრაციაზე შეკრებილ 40 000-ზე მეტ ადამიანს.
„არავითარი B-გეგმა არ არსებობს, წინგადადგმული ნაბიჯი მხოლოდ რეფერენდუმია“, - განაცხადა შეკრებაზე კატალონიის პარლამენტის ქალმა ლიდერმა, აქტივისტმა და ლინგვისტმა კარმე ფორკადელმა, რომელსაც დემონსტრანტები გულმხურვალე ოვაციით შეხვდნენ.
პარასკევს კატალონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება, რასაც ოფიციალური მადრიდი კრიტიკულად შეხვდა - ესპანეთის ვიცე-პრემიერ სორაია საენს დე სანტამარიას განცხადებით, რეფერენდუმი არაკანონიერია და რამდენჯერაც არ უნდა გამოცხადდეს, იგი კატალონიაში მაინც არ გაიმართება.