weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გუდაურში ადგილობრივები ცდილობენ, თუნდაც ძალადობით ყველა ნიშა მათ დაიკავონ - ჩელიშევი

15:24 ორშაბათი, 11 ივნისი 2018
ფოტო: Chelyshev Fedor / Facebook ფოტო: Chelyshev Fedor / Facebook

„გუდაურში ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ძალადობით დაიკავონ ყველა ტურისტული ნიშა. ისინი კონკურენციის გამო არა მხოლოდ რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გვაიძულებენ გუდაურის დატოვებას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან სამუშაოდ ჩასულებსაც. გუდაური საერთაშორისო კურორტია. ამ ტერიტორიაზე ასეთი კონფლიქტები თუ გაგრძელდება და კრიმინალური ჯგუფები იქნება, ტურისტული ბიზნესი მთელი საქართველოს მასშტაბით დაზარალდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს, 2 დღის წინ გუდაურში ნაცემმა რუსმა პარაპლანისტმა ფიოდორ ჩელიშევმა.

მისივე თქმით, კონკურენციის გამო, გუდაურში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე კონფლიქტური შემთხვევა მოხდა.

„ისინი ტურისტებს ჯერ კვადროციკლებით, ცხენებით, თხილამურებით ან სნოუბორდით მომსახურებას სთავაზობდნენ. მერე მოინდომეს, რომ პარაპლანით ფრენაც საკუთარ ხელში უნდა აეღოთ. 2 წელზე მეტია საქართველოში ვმუშაობ.

ერთი წლის წინ მოვიდნენ და მომთხოვეს, რომ მათ დაქვემდებარებაში გვემუშავა და ფული გადაგვეხადა მათთვის, იმ ახსნით, რომ გუდაური მათი ტერიტორია იყო. 1 წლის განმავლობაში მოთხოვნები შეცვალეს და ახლა ითხოვენ, საერთოდ დავტოვოთ იქაურება და ამისთვის იგონებენ ტყუილებს და ახორციელებენ ძალადობას, ჯგუფურად გვესხმიან თავს“, - აღნიშნა ფიოდორ ჩელიშევმა.

დაზარალებული რუსი პარაპლანისტის ინფორმაციით, იმ პირებმა, ვინც მას დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს, ერთი წლის წინ კახეთიდან ჩასული პირიც ცემეს, რომ იქ არ ემუშავა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა აჭარაში. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში საკმარისი სპეციალისტები არიან ტურიზმის სხვადასხვა სფეროში მომსახურების გასაწევად, მაგრამ ეს ასე არ არის. არანაირი სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება იმაზე, ვინ უწევს ტურისტებს მომსახურებას, რა კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ მათ“, - აღნიშნა ჩელიშევმა.

გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს 9 ივნისს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანა დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთ მოქალაქეს, სერგეი დემენტიევს.

ვიდეომასალა, რომელიც 9 ივნისს მომხდარ ინციდენტს ასახავს, რუსი პარაპლანისტის ავტომობილში დამონტაჟებული კამერით არის გადაღებული. ვიდეოდან ჩანს, რომ რუსი მფრინავი ასაფრენი მოედნისკენ მიდის, წინ სავალი ნაწილი ავტომობილებით გადაკეტილი ხვდება და ოცზე მეტი ადამიანია შეკრებილი. რამდენიმე წამის შემდეგ, რუს მფრინავს უცენზურო სიტყვებით აგინებენ, ათამდე მამაკაცი მუშტებით და წიხლებით მას თავსა და მუცელში ურტყამს. დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი პირი მანქანაში სვამს ჩელიშევს, რომელიც ავტომობილს ქოქავს და წინ წასვლას, სავარაუდოდ, ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს. ავტომობილი ადგილიდან სწრაფად წყდება და მალევე ყოვნდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩელიშევი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან მის მანქანას ქვებს. ქვების სროლა მას შემდეგაც გრძელდება, რაც რუსი პარაპლანისტი თავდამსხმელებს სცდება და სხვა მიმართულებით მიდის.

9 ივნისს მომხდარ კონფლიქტს წინ უძღოდა ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის 8 ივნისს მომხდარი ინციდენტი. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. ქართველი პარაპლანისტები ამბობენ, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქართველი მფრინავის ხევში გადაგდება სცადეს და ასეთ პროვოკაციებს მათი მხრიდან ხშირად აქვს ადგილი.

რუსი პარაპლანისტების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ავტომობილების დაზიანების ბრალდებით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ვასილ ზაქაიძე, 1987 წელს დაბადებული გიორგი ზაქაიძე, 1982 წელს დაბადებული გიორგი ჯაღმაიძე და 1980 წელს დაბადებული ვასილ ბურდული დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) მიმიდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გუდაურის ინციდენტის გამო დაკავებული 4 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ, 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში მოსახლეობამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტა. მოძრაობა 2 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]