weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

15:00 შაბათი, 09 ივნისი 2018

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში, გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 23 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის 13 ბავშვია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალი, რომელიც ავარიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის დედაა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

საავადმყოფის დირექტორის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ყველა მათგანს გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

თბილისიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაშავებულების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერეგეენკო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ცხედრები გურჯაანში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ.

ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 28 ადამიანი მგზავრობდა, 14 ბავშვი და 15 სრულწლოვანი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ ადგილას, სახიფათო მოსახვევში მოხდა, სადაც 4 თვის წინ, „სოკარის“ საწვავმზიდიც გადავარდა და მთლიანად დაიწვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თელავში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]