weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ადვოკატი ითხოვს მალხაზ კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

14:12 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018
ფოტოზე მალხაზ კობაური ფოტოზე მალხაზ კობაური

ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მოითხოვენ, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე დააყენებს, რომელიც 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.

ადვოკატ ლექსო კობაიძის თქმით, პროკურატურამ კობაიძეს ბრალი ახალი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დაუმძიმა. მისივე ინფორმაციით, ბრალის დამძიმების გარდა, პროკურატურამ დანაშაულის ჩადენის მოტივიც შეცვალა.

„თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მალხაზ კობაურს ბრალი 9 ნოემბერს დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე მას ბრალი მხოლოდ რაიან სმიტისა და 4 წლის ბავშვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალის დამძიმების შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაშია.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. კობაურის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]