weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„როსპოტრებნადზორმა“ დაადგინა, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა

14:30 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა - „როსპოტრებნადზორმა“ დაადგინა, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი გაუარესდა.

„ფედერალური სამსახური სისტემატურად აკონტროლებს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რაც დინამიკაში აჩვენებს აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ფედერალური სამსახურის განცხადებით, 2014 წლიდან 2018 წლამდე 2.9-ჯერ (203 ათასი ლიტრი) გაიზარდა იმ ქართული ღვინის ოდენობა, რომლის ხარისხი სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, „უხარისხო ღვინო“, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ იქნა დაშვებული, წარმოებული იყო შემდეგი კომპანიების მიერ: „ბაგრატიონი - 1882“; „ბოლერო და კომპანია“; „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“; „ბადაგონი“; „ქართული ღვინის სახლი“; „კორპორაცია ქართული ღვინო“; „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“; „ბატონო“.

„საქართველოში წარმოებული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემომავალი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლი გაამკაცრა“, – აღნიშნულია დღევანდელ განცხადებაში.

ქართულ მხარეს ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც გასულ წელს 53 682 627 ბოთლი გავიდა.

20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით სამოქალაქო და კომერციული ფრენების შესრულება აუკრძალა.

თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]