weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო – დავითაშვილი

16:37 შაბათი, 06 ივლისი 2019

„ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილმა, კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი ფერმერების შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთთან არსებული სავაჭრო უერთიერთობები წლების განმავლობაში ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან.

ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმიტომ, რომ ეს რამდენიმეწლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგია.

დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ „დიალოგის ფორმატში შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ემბარგო“.

„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა. რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე, ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ. დღეს კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა. მათი განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს იმპორტირებული ღვინის ხარისხის გაუარესება გახდა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულების ფრენების განხორციელება აეკრძალათ. კრემლში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]