weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეწყდეს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამაზე ვერ შევთანხმდებით – თურნავა ნამახვანჰესზე

14:01 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

„მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს. ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით.

თურნავას თქმით, მთავრობა აგრძელებს დისკუსიას და კომუნიკაციას ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში.

„ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდექით ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ბატონ ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს, პირველ რიგში, ეკოლოგიასთან დაკავშირებით არსებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხრას და ამ თვალსაზრისით პროექტის სრულყოფას, ნდობის გაჩენას.

ჩვენ ინვესტორთან შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება და ყველა დაინეტრესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ყველა ძირითადი კვლევების გადამოწმებაში, ვალიდაციაში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კვლევები ხარისხიანად არის ჩატარებული და თუ რაიმე არის დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. მეორე – ჩვენ ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ქართველი ექსპერტები, ნდობით აღჭურვილი პირები ჩავრთოთ და ისინი მშენებლობის პროცესს მიადევნებენ თვალს.

იმისთვის, რომ ხეობას (არა მარტო ეკონომიკას და ენერგეტიკას) მეტი სიკეთე მოუტანოს ამ პროქტმა, შექმენება რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ხეობაში. ამ ფონდის მართვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით“, – განაცხადა თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, რაც დიდი პრობლემაა. ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას.

„ამისთვის ერთ-ერთი მიმართულება მსხვილი ჰესების პროექტების განვითარებაა. ამ თვალსაზრისით ნამახვანჰესის პროექტი სტრატეგიული პროექტია.

ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს იმიტომ, რომ ჩვენგან მწვანე ენერგია მიეწოდოს ევროკავშირს, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა და აზრი, რაც ამ პროექტის მიღმა დევს“, – განაცხადა თურნავამ.

14 მარტს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 22 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს 14 მარტს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნას, საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]