weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ მოთხოვნები არ შესრულდება, შემდეგი აქცია პარლამენტთან იქნება - გოლეთიანი

14:51 კვირა, 14 მარტი 2021
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

„მოვუწოდებთ ბატონ პრემიერს, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ ათასობით, ათი ათასობით ადამიანის პოზიციას, რეგიონებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები და ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით თბილისისკენ, გაცილებით უფრო მეტი ვიქნებით. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან და რა სურათსაც ისინი მიიღებენ თბილისში, არ იქნება ის სურათი, რაც არის დღეს“, – განაცხადა ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე მრავალათასიან აქციაზე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

„ჩვენ ვიქნებით გაცილებით უფრო მეტი, შევაჯანჯღარებთ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური გადაწყვეტილების საგანია. არ შეიძლება კონკრეტულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს ისეთი რამ, რასაც ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება - ეს არის მიწების და არამხოლოდ მიწების საკითხი.

მოვუწოდებთ მათ, მოეგონ გონს. ჩვენ არ გვინდა ეს  ყველაფერი გადავზარდოთ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარით, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი პროცესია, შეიძლება ესეც არ გაგვიჭირდეს, როდესაც ამდენი ადამიანი დგას ამ მოედანზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოემატება ჩვენს ერთობას, ქართველი ხალხის ერთობას.

ამ ეტაპზე არ ვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქართველი ხალხის ნება იქნეს გათვალისწინებული, ნუ მიგვიყვანენ ამ რადიკალიზმამდე, რომ მათ ვუთხრათ „წადით, რადგან ჩვენს არ გვემორჩილებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა. გოლეთიანის თქმით, მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს, როდესაც განაცხადა, რომ მათ ცნობიერების პრობლემა აქვთ.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას მშვიდობიანად, რომ აღიარონ საკუთარი შეცდომები და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. ჩვენ არ ვებრძვით ბუნებაში ჰესების მშენებლობას, ჩვენ ვიბრძვით იმის წინააღმდეგ, რომ ჰესების საფარქვეშ არ იყო დათმობილი სახელმწიფო და ჩვენი კოლექტიური ინტერესი.

ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოხდეს ჩვენი ყველას ჩართვა ამ პროცესებში, რადგან ეს პრობლემები დგას საქართველოს ყველა კუთხეში. გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგეტიკის სექტორში და დაიწყოს საჯარო განხილვები, რათა განისაზღვროს კანონმდებლობა, სადაც ასახული იქნება ქართველი ხალხის ნება და არა კონკრეტული ჩინოვნიკების, რომლებიც საკუთარ ვიწრო ინტერესებს არგებენ სახელმწიფო ინტერესს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელიც მშვიდობით წყვეტს საკითხებს. არ გვინდა, რომ დღეის შემდეგ, როდესაც მოგვიწევს შეკრება ამ ან სხვა პრობლემებზე, ვისროლოთ ქვა, ან რაღაც ისეთი ქმედებები განვახორციელოთ, რომელიც ჩვენ, როგორც კულტურულ და განვითარებულ ხალხს, არ შეგვეფერება. გვინდა, რომ ჩვენი ყოველი მანიფესტაცია იყოს მშვიდობიანი ფორმით და დღევანდელი დღე ამის მაგალითია. გვინდა, რომ ხელისუფლებას ესმოდეს საკუთარი ხალხის, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელშიც გვექნება უფლება მოვითხოვოთ რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით.

ესა თუ ის ხელისუფალი არ უნდა გვარიგებდეს ჭკუას, თითქოს მას უფრო მეტი ესმის და ათასობით ადამიანს, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი ცნობიერების და შეფასების პრობლემა აქვს.

სირცხვილია, როდესაც ქართველ ხალხს ასე მიმართავს საკუთარი ხელისუფალი. ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი. ამიტომ მოვითხოვეთ მინისტრის გადადგომა. არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]