weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ADB-მა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

16:34 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა. როგორც ბანკში აცხადებენ, ამით მხარს დაუჭერენ ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.

„სსე და მისი შვილობილი „ენერგოტრანსი“ დღესდღეობით ძლიერად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის საშუალებით მათ საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება შეძლეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის. მთავრობამ სსე-ს რეფორმირების მიზნით არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის ახალი წესდება და სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით

ADB-ის პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სსე-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორატიული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგრადობის მისაღწევად“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.

ADB-ის ენერგეტიკის მთავარი სპეციალისტის, ადნან ტარინის თქმით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა „კოვიდ 19“-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარის მიზეზად „მაღალი ეკონომიკური ზრდა“ და საქართველოს საგარეო ვალის შემცირების განზრახვა დაასახელა: „მე ვეუბნები ჩვენს ხალხის, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის 150 მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი - 75 მილიონი ევრო საქართველოს ბიუჯეტში 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს შეასრულებდა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ საქართველომ ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს მიმართულებით, არ შეასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]