weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა ფინანსური დახმარების მიღების პირობა – EU

23:39 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

„საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების მოთხოვნისგან.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხა 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო.

„150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“, – განაცხადა კრამპმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველომ ორმხრივად შეთანხმებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის; შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატისთვის. ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – განაცხადა ჯულიენ კრამპმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, „თავი შეიკავოს“ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის - 75 მილიონი ევროს მიღებისგან. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საგარეო ვალის შემცირებაა. ამასთანავე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მაკროფინანსური დახმარების მიღების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და მთავრობის მიზანი ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილებაა.

 

ამ თემაზე:

EU-ის დახმარებაზე უარი ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის დეკლარირებაა – არასამთავრობოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]