„ჩვენ კარგად ავხსენით. გუშინ მეც გამოვედი და ვთქვი, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ალბათ უკვე 10-12 წელზე მეტია, არ დაფიქსირებულა. მეორე კვარტალში გვქონდა 29%-იანი ზრდა. მთლიანად, 7 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი ლარის დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა ქვეყანას. ამის შედეგად ჩვენ თავს მივეცით იმის უფლება, რომ დაგვეწყო საგარეო ვალის შემცირება. შარშან ავიღეთ 3 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას.
აქედან გამომდინარე, ეს სესხი - 75 მილიონი ევრო... ხაზს ვუსვამ - ეს არ არის რაღაც ფინანსური დახმარება, გრანტი და ა.შ., თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია საქართველოს ევროკავშირისგან, დონორებისგან და ამისთვის ძალიან მადლიერნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ტყუიან თუ არა ევროპარლამენტარები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული თანხა იყო დახმარება და არა სესხი, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არ აინტერესებს, ვინ რა თქვა.
„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი. ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი - ეს ერთი. მეორე - თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა.
მე ვეუბნები ჩვენს ხალხის, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა - 75 მილიონმა ევრომ, ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ბევრი პოლიტიკური ინსინუაციების და სპეკულაციების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. ამასთან, წარმომადგენლობა განმარტავს, რომ 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი - 75 მილიონი ევრო 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს შეასრულებდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველომ ვალდებულებები არ შეასრულა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ისიც ამბობს, ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო პირობები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით, არ შესრულდა.
„თქვენ არ შეგიძლიათ, უარი თქვათ იმაზე, რისი უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.