weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ამოცანაა „ენკასთან“ შეთანხმება, ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე – თურნავა

13:07 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიოს. თურნავას თქმით, ამ ეტაპზე თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე ინვესტორის გასვლა.

„ჩვენ შორის ორი შეხვედრა შედგა, ერთმანეთს სამუშაო ჯგუფები ხვდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს, ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა, რომ არბიტრაჟის გარეშე თუ არის შესაძლებელი, შეთანხმება მოხდეს. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ქართული ეკონომიკის და ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რის მიზეზადაც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა. 22 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან კომუნიკაციას აწარმოებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც თქვა, რომ პროექტის ბედი ერთ თვეში გაირკვევოდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ „ენკას“ განცხადებამდე, რამდენიმე თქვის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, მედიაცია მიმდინარეობდა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის 56 მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორებოდა. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლი უნდა აშენებულიყო სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რაც 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას დატბორავდა. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე გათვალისწინებული იყო 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადასცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, კომპანიას აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე. მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ნამახვანჰესის აშენებით 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]