weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო „ბადაგონის“ საქმეზე გამოძიება შეწყდა

17:49 შაბათი, 19 მაისი 2018
ფოტოზე გიორგი სალაყაია ფოტოზე გიორგი სალაყაია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიმართ დაწყებული გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. გამოძიება 2018 წლის 18 იანვრიდან, „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე, კომპანიის წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია სოციალური ქსელში გამოეხმაურა:

„დღეს არის განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი დღე როგორც ჩემს პირად ცხოვრებაში, ასევე „ბადაგონის“ ისტორიაში. დღეს „ბადაგონი“ ზეიმობს გამარჯვებას. არ შეიძლება, არ გადავუხადო მადლობა პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის და ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას. ყველა იმ მუშაკს, რომელმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ოპერატიულობა „ბადაგონის“ საქმის გამოძიების პროცესში“, - წერს გიორგი სალაყაია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ღვინის კომპანია „ბადაგონში“ 7 თებერვალს შევიდა. გამოძიების დაწყების საფუძველი „ბადაგონის“ ყოფილი მეწილის „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ და მისი მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება გახდა. ჯანჯღავა აცხადებდა, რომ გიორგი სალაყაიამ მისი 60%-იანი წილი უკანონოდ მიითვისა. თავის მხრივ სალაყაია ვარაუდობდა, რომ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას, რომელიც კომპანიის „ხელში ჩაგდებით“ არის დაინტერესებული და ჯანჯღავას ამ მიზნით მიმართა. 8 თებერვალს „ბადაგონის“ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა და გამოძიების დაწყება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს უკავშირდებოდა. ქუმსიშვილმა „ბადაგონის“ წარმომადგენლების ბრალდებას აბსურდული და არასერიოზული უწოდა.

„ბადაგონის“ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას.

„ბადაგონი“ ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ქარხნები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში აქვს. 2017 წელს „ბადაგონმა“ ღვინის ექსპორტიორ 250 კომპანიას შორის პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს მათი გაყიდვების მოცულობა 35%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]