weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაზიანებულ ყურძენს საწარმოები ჩაიბარებენ, კომპენსაციები არ იქნება - მინისტრი

18:49 კვირა, 19 აგვისტო 2018

„ახმეტაში, სადაც სტიქიის ძირითადი ეპიცენტრია, იმუშავებენ ადგილობრივი საწარმოები იმისთვის, რომ ფერმერებმა, ხვალიდან, ყველაზე მინიმალური დანახარჯებით, თავისივე რაიონში უპრობლემოდ შეძლონ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში შტაბში გამართული თათბირის შემდეგ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლეხებმა ოპერატიულად შეძლონ ნაწილობრივ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება ისე, რომ ზარალი არ იყოს უფრო მეტი. სწორედ ამიტომ არის დღეს შტაბში საგანგებო შეკრება. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ და ამ მხრივ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აგროდაზღვევით აქტიურად ისარგებლონ:

„სამწუხაროდ, ბუნებრივი მოვლენებისა და კატაკლიზმების წინასწარ განჭვრეტა ძალიან რთულია, მაგრამ სწორედ ამ შემთხვევაში არსებობს აგროდაზღვევის მექანიზმი, რომლის პოპულარიზაციასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია ცდილობს. როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან.

რაც უფრო მეტი იქნება აგროდაზღვევის დაფარვის მასშტაბი, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები ფერმერებისთვის, თუმცა დღესაც სახელმწიფო ახდენს 50 %-იან თანადაფინანსებას.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ფერმერს, განსაკუთრებით ისეთ მაღალრისკიან და მაღალი ღირებულების კულტურაში, როგორიც არის ყურძენი და მევენახეობა, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი გამოიყენონ“.

მინისტრის განცხადებით, დაზარალებულ მევენახეებზე, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ აქვს, კომპენსაცია არ გაიცემა: „წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს არა მხოლოდ მევენახეობაზე, არამედ, საქართველოში არის ბევრი სხვა რეგიონი და სხვა დარგი, ყველგან გვაქვს გამოწვევა და პრობლემა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს თანაბარი ყველას მიმართ. სახელმწიფო თანადაფინანსების სახით ხელს უწყობს აგროდაზღვევა“.

18 აგვისტოს, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა. ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სეტყვამ საკმაოდ დიდ ფართობზე ყურძენი 100%-ით გაანადგურა.  

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ცენტრის განმარტებით, სეტყვის შესამსუბუქებლად 200-მდე რაკეტა გაისროლეს, რამაც ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა. საგარეჯოს რაიონში კი აკრძალულ ზონებს ჰაერში საფრენი აპარატების არსებობაც დაემატა.

ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით, დღეს, 19 აგვისტოს, დილით, სოფელ ქისტაურის მოსახლეობამ ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]