weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ომეგა ჯგუფს 51 მილიონი ლარი დავალიანება აქვს - ფინანსთა სამინისტრო

18:49 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მათ ფინანსურ პრობლემებს ხელოვნურად უქმნის და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებშია დეკლარირებული.

სამინისტროს ინფორმაციით, „ოჯთ“ ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

„ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები“ - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, რადგან პარალიზებულია კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის. ამასთან, „იბერიას“ დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ირწმუნება, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს. ჩხეიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარების შეთავაზება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]