რა არის ბიოდეგრადირებადი პლასტმასა
ბიოდეგრადირებადი პლასტმასა არის პლასტიკის მასა, რომელიც გარემოში ბუნებრივად იხრწნება. დაშლას ახდენენ გარემოში არსებული მიკროორგანიზმები, რომლებიც ბიოდეგრადირებადი პლასტმასის სტრუქტურებს ჭამენ. შედეგად, გარემოს გაცილებით ნაკლები ზიანი ადგება, ვიდრე ტრადიციული პლასტმასის შემთხვევაში.
ბიოდეგრადირებადი პლასტმასის გამოყენება შესაძლებელია ბიოპლასტმასებში, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პლასტმასაა, მაგრამ მზადდება განახლებადი ნედლი მასალებისგან. ჩვეულებრივ, არსებობს ბიოდეგრადირებადი პლასტმასის ორი სახე: ინექციით ჩამოსხმული და მყარი. მყარ ფორმებს როგორც წესი იყენებენ საკვების კონტეინერების, ფოთლების შესაგროვებელი ტომრებისა და წყლის ბოთლების დასამზადებლად.
როგორ მზადდება ბიოდეგრადირებადი პლასტმასა
ბიოდეგრადირებადი პლასტმასა მთლიანად ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისგან მზადდება. მათ შორის არის სიმინდის ზეთი, ფორთოხლის ქერქები, სახამებელი და სხვადასხვა მცენარეული ნაწილები. ტრადიციული პლასტმასა დამზადებულია ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც გარემოსათვის განსაკუთრებით საშიშია. ასეთი პლასტმასის წარმოება იწყება ყველა შემადგენელი ნივთიერების გადნობით. ამის შემდეგ, მიღებულ ნაზავს სხვადასხვა ფორმის ყალიბებში ასხამენ, იქნება ეს ბოთლი თუ კონტეინერი.
ჩვეულებრივი პლასტმასა VS ბიოდეგრადირებადი პლასტმასა
დამზადების შემდეგ ჩვეულებრივი პლასტმასა შეიცავს ნახშირბადს. გარემოში მოხვედრისა და დაშლისას, ანდაც დაწვისას, ნახშირბადი ატმოსფეროში გამოიყოფა. ასე არ ხდება ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შემთხვევაში, რადგან მისი წარმოების პროცესში ნახშირბადი საერთოდ არ გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვეულებრივი პლასტმასის გადამუშავების ან დაწვისას, გარემოში ასევე გამოიყოფა მეთანი და სხვა დამაბინძურებლები. ბიოდეგრადირებადი პლასტიკა ამ მხრივაც სუფთაა. ამავდროულად, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მრავალ დადებით ასპექტს შორის ერთ-ერთი ის არის, რომ მას სრულიად ბუნებრივად შლის ბაქტერია, რაც გარემოსთვის დიდად სასარგებლოა. ასეთი პლასტიკის ერთ-ერთი ნაკლი მხოლოდ ისაა, რომ მისი წარმოება ჩვეულებრივ პლასტმასთან შედარებით ოდნავ ძვირია.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბიოდეგრადირებადი პლასტმასა გარკვეულ ბარიერებსაც აწყდება. მაგალითად, ისინი იქამდე არ იხრწნება, ვიდრე სათანადოდ არ განვალაგებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა კომპოსტირების (სასუქად გამოყენება) მსგავსი პროცესი. ასეთი ბუნებრივი პლასტმასის დაშლის პროცესი უბრალოდ არ დაიწყება, თუკი ისინი ნაგავსაყრელზე სხვა ნარჩენებთან ერთად ყრია.ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბიოდეგრადირებადი პლასტმასა შეიცავს სათბურის აირებს, რომლებიც მისი კომპოსტირებისას ატმოსფეროში გამოიყოფა, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს პლასტმასა ნამდვილად არ შეიცავს გარემოსათვის საშიშ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორსაც ჩვეულებრივი პლასტმასა.
მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის უპირატესობა აშკარაა. მთავარი კითხვა ახლა ის არის - დადგება თუ არა დრო, როდესაც ის მთლიანად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ პლასტმასას.
ამ თემაზე:
2021 წლიდან ევროკავშირში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალება