weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ბახვი 1“ ჰესის ინვესტორი კომპანია კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს

17:37 პარასკევი, 07 მაისი 2021

კომპანიამ „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“, რომელიც ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბახვი 1“ ჰესის აშენებას აპირებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სკოპინგის ანგარიში გააცნო.

ადგილობრივმა განაცხადეს, რომ ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის მშენებლობისთვის მომზადებული და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიში დაუსაბუთებელია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი არ არის გაცემული, რაზეც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას აპირებენ.

„სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“-ის დირექტორის, მიხეილ ნიბლაძის განცხადებით, ჰესის პროექტი კვლევის საწყის ეტაპზეა და იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს „ბახვი 1“ მცირე ჰესი გარემოზე, ჯერჯერობით ნაადრევია.

„ალბათ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა კვლევები უნდა გაკეთდეს და ვის მიერ, რათა ამ კვლევებმა გვაჩვენოს რეალური სურათი, რასთან გვაქვს საქმე, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემის გარშემო მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიქირაოთ უცხოელი ექსპერტები და მათ მიერ წარდგენილი კვლევით წარვდგებით სამინისტროს წინაშე“, – განაცხადა ნიბლაძემ ტელეკომპანია „გურიასთან“.

„კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ყველაფერი ჩაინიშნეს. ვუთხარით, რომ თუ ჩვენს ყველა შეკითხვაზე იქნება ამომწურავი პასუხი გაცემული და თუ კი ისინი, კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივებს დაუმტიკეცებენ, რომ ჰესს არ ექნება გავლენა ბახმაროს უნიკალურ ბუნებასა და რეკრეაციულ ზონაზე, თუ სარგებელი უფრო მეტია ვიდრე ზიანი, წინააღმდეგები არ ვიქნებით. თუმცა, ამ ეტაპზე, არის დიდი ეჭვები და კითხვები, რომელსაც სჭირდება დასაბუთებული პასუხები, რაც დღეს არ გვაქვს“, – ამბობს „რეგინფოსთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ თავჯდომარე ირმა გორდელაძე.

ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი“ ვახუშტი მენაბდეც ესწრებოდა. მისი თქმით, მდინარე ბახვისწყალი ჰესებით იტვირთება – მდინარეზე „ბახვი 3“ 2012 წელს აშენდა, გეგმაშია „ბახვი 2“ ჰესის მშენებლობის დაწყებაც და კიდევ ემატება „ბახვი 1“ ჰესი. თანაც, საშუალოდ მდინარის წყლის 88%-ის დერივაციულ მილში გატარებით საფრთხე ექმნება როგორც ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, ასევე წყლის ჰიდროლოგიურ რეჟიმს.

„გამოდის რომ მთელი ხეობა ჰესი იქნება, რაც, ფაქტობრივად, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ადგილობრივ ეკოსისტემას.

საზოგადოების განწყობაც კრიტიკულია, ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, თვითონ კომპანიასაც არ აქვს ამ კითხვებზე პასუხები. ჩვენი ამოცანაა, რომ ავწონოთ რისკები – რას, რის ფასად ვაკეთებთ, რა სარგებელს და ზიანს მოიტანს ჰესი საჯარო სიკეთეებისთვის“, – ამბობს მენაბდე. 

მიმდინარე წლის თებერვალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჯაროვა ე.წ. სკოპინგის ანგარიში, რომელიც კომპანია „სერბერუს ფრონტიერის“ მიერ დაფუძნებული შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ დაკვეთით შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „ბახვი 1“ ჰესი, დერივაციული ტიპის უნდა იყოს, რაც ტერიტორიაზე ორი სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და სადაწნეო მილსადენის მოწყობას გულისხმობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე სკოპინგის დასკვნა არ გასცა და განმარტა, რომ რიგი საკითხები დასაზუსტებელი იყო ან კომპანიის მიერ წარდგენილ ანგარიშში მათზე საერთოდ არ იყო ინფორმაცია მოცემული. „ბახვი 1“ ჰესის პროექტი სკოპინგის ანგარიშის ეტაპს აპრილიდან დაუბუნდა, როდესაც ინვესტორმა კომპანიამ სამინისტროს მიერ მითითებულ საკითხებზე პასუხები წარადგინა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს პასუხები არასრულყოფილი და დაუსაბუთებელია. მოქალაქეებს 25 მაისამდე აქვთ დრო, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნონ.

მდინარე ბახვისწყალი ინვესტორებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. იქ ჯამში 5 ჰესის აშენება იგეგმებოდა, რადგან 42 კილომეტრი სიგრძის მდინარე ერთმანეთის მიყოლებით ჰესების კასკადის აგების შესაძლებლობას იძლევა, რითაც ჰიდროელექტროსადგურებზე ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე მატულობს. ამჟამად, მდინარე ბახვისწყალზე მხოლოდ ერთი „ბახვი 3“ ჰესი ფუნქციონირებს, რომელიც 2012 წელს აშენდა და ორჯერ მეწყერის გამო დაზიანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]