weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მწვანე ალტერნატივა“ კომუნიკაციას წყვეტს „რიონის ხეობის მცველებთან“

17:47 ორშაბათი, 05 ივლისი 2021
ფოტოზე - ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა ქოჩალაძე ფოტოზე - ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა ქოჩალაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა“ საზოგადოებრივ მოძრაობასთან რიონის ხეობის გადარჩენისთვის კომუნიკაციას წყვეტს. ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება დღეს, თბილისში, ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა ძალადობრივი ქმედებების შემდეგ გაავრცელა.

„მწვანე ალტერნატივისთვის“ მიუღებელია ის პოზიცია, რაც „რიონის ხეობის მცველებმა“ პრაიდთან დაკავშირებით დააფიქსირეს.

„ვგმობთ მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას.

ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, ვწყვეტთ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რამდენიმე დღის წინ განცხადებით გაემიჯნა „თბილისი პრაიდს“, ხოლო დღეს, მოძრაობის ლიდერები, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მაკა სულაძე, რიონის ხეობიდან თბილისში ჩავიდნენ და საპატრიარქოს მიერ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციასაც შეუერთდნენ.

„საპატრიარქო არის ინსტიტუცია რომელიც არცერთ შემთხვევაში თვითონ არ დააინიცირებს ძალადობას არავისზე. საპატრიარქომ უბრალოდ მოუწოდა ადამიანებს შეკრებისკენ და მშვიდობიანად ითქვა, რომ უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით.

იცით, რომ ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას, დავაფიქსირეთ კიდეც ჩვენი პოზიცია წერილობით. ამას გარდა, როცა დიდი აქციაა და არამარტო რელიგიური ნაწილი და ზოგადად მორწმუნე ნაწილი, მრევლს ვგულისხმობ, სხვა ადამიანებიც არიან, სხვა ჯგუფებიც არიან, რომელთათვის ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და განსაზღვრავს, ვერც ჩვენ - მშვიდობიანი ხალხი. ეს ჯგუფები, როგორც ჩანს, ვინც ძალადობის გზით ცდილობს რაღაც საკითხები მოაგვაროს ზოგადად, ამას ვერც ჩვენთან დააკავშირებს ვერავინ და ვინც პიროვნულად, თავად არ ძალადობს ის არ შეიძლება რომ კავშირში მოვიდეს ამ ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, ძალადობა ყველა ფორმით და ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის მიუღებელი და ამას ჩვენ ვემიჯნებით. უბრალოდ, აქ ვიცავთ ჩვენს უფლებას, მათ შორს, რომელიც არ სცილდება იმ ფარგლებს, რომ უბრალოდ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა დღეს.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვა იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის შენობასთან დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და დაწვეს, რის შემდეგაც ოფისში უკანონოდ შეიჭრნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები 40-მდე ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ „საკუთარ ღირსებას იცავენ“. 

დღევანდელი ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

„ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა „თბილისი პრაიდმა“.

 

ამ თემაზე:

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს საჯაროდ დაგმონ ძალადობა – საელჩოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]