ნინო ლომჯარია ითხოვს, პასუხი გაეცეს შეკითხვას, ხდება თუ არა ციხეებში პატიმრისა და მესამე პირების საუბრის ფარულად ჩაწერა.
„მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ. მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისა და მესამე პირების საუბრის ფარული მიყურადება.
წესით, ეს შეხვედრები და საუბრები უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს მიანიშნებს, რომ ციხეში ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
„რუსთავი 2“-მა და მთავარმა პროკურატურამ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.