weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

შუბლის გახვრეტით მემუქრებოდნენ – სახალხო დამცველი

15:47 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, მუქარის შემცველ შეტყობინებებზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საუბრობს. მისი თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების შემდეგ მას „შუბლის გახვრეტით“ ემუქრებოდნენ.

„აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს. ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ, მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი. მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან. სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინებები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან.

ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ვგმობ, ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებ შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, მისი შვილების და პირადად მის მიმართ განხორციელდა სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

„გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: „შუბლს გაგიხვრეტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, შეტყობინებების ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან და ისინი ყოფილი სამხედროები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]