„ჩვენთვის აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი.
ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან“, – აცხადებს ორგანიზაცია.
გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, მისი შვილების და პირადად მის მიმართ განხორციელდა სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
„გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: „შუბლს გაგიხვრეტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, შეტყობინებების ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან და ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.