weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაული მაისში დაიღუპა - კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი

12:11 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

კონგოს რევოლუციური ორგანიზაცია „23 მარტის“ პოლიტიკური ლიდერი ბერტრან ბისიმვა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

ორგანიზაცია „23 მარტის“ ლიდერის განმარტებით, მათ საქართველოს ხელისუფლებისგან ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ტერორისტები ან კრიმინალური დაჯგუფება არ არიან. მისივე თქმით, სოსო ოსორაულის გათავისუფლების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეთანხმება შედგა. თუმცა, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოსორაული ქართველი მხარისთვის უნდა გადაეცათ, კონგოს სახელისუფლებო ძალები მათ თავს დაესხნენ და ამ შეტაკებისას ქართველი მფრინავიც დაიღუპა.

„ჩვენ არ ვართ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულს ითხოვს მოქალაქის გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზგასმით განვმარტეთ, რომ ჩვენ ფულს არ ვითხოვდით. ერთადერთი რასაც ვითხოვდით თქვენი ხელისუფლებისგან იყო ის, რომ მას შემდეგ რაც წაიყვანდნენ თქვენს მოქალაქეს, არ მიეცათ მისთვის კონგოში კონგოელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსვლის უფლება. 2017 წლის 27 იანვარს ჩვენს მებრძოლებს თავს დაესხა სამთავრობო ჯარის ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა და ხეზე გაიჭედა. ჩვენი მებრძოლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ვერტმფრენში სამი ადამიანი იყო. ერთი კონგოელი და ორი უცხოელი, მათგან ერთი თქვენი მოქალაქე. სამივეს კონგოს ID ბარათი ჰქონდა. სამივე დაშავებული იყო, პირველადი დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ის ორი გარდაიცვალა. თქვენი მოქალაქე ჩვენთან იყო ოთხი თვე, მასზე ზრუნავდნენ და გვინდოდა მისი ქვეყნისათვის გადაგვეცა და ხელისუფლებისთვის გვეთქვა, რომ კონგოს ტერიტორიაზე საბრძოლველად მისი მოქალაქეები აღარ გამოეშვა. თქვენი მოქალაქე 13 ან 14 მაისს დაიღუპა. კონგოს სამთავრობო ჯარი თავს მოულოდნელად დაგვესხა. ჩვენ თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უნდა გადაგვეცა, ამ დროს მოხდა ეს ოპერაცია, რა დროსაც თქვენი მოქალაქე დაიღუპა. ამ შეტაკებისას ჩვენი ექვსი მებრძოლიც დაიღუპა, რომლებიც თქვენი მოქალაქის უსაფრთხოებას იცავდნენ“, - განაცხადა ბისიმვამ.

ორგანიზაცია „23 მარტის“ ლიდერის ინფორმაციას, რომ ამბოხებულები ოსორაულის გადმოცემას აპირებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ადასტურებს.

„მარტის თვეში შედგა მრავალრიცხოვანი შეხვედრები, როგორც კონგოსა და მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან, ასევე M23-თან, იმ შეიარაღებულ ჯგუფთან, რომელსაც ჰყავდა გატაცებული იოსები. მოლოდინის რეჟიმში ვიყავით და ყოველდღიურად ველოდებოდით ამ ოპერაციის ჩატარებას. უკვე მაისის შუა რიცხვები იყო, როდესაც გავრცელდა ადგილზე ინფორმაცია, რომ შეტაკება მოხდა იმ ჯგუფზეც, რომელშიც იმყოფებოდა იოსებ ოსორაული. 7 ივნისს, მივიღეთ გაეროს მისიისგან ინფორმაცია, რომ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მათ აქვთ, ნამდვილად მოხდა შეტაკება და ეს მებრძოლები დაღუპულები არიან, მათ შორის ჩვენი მებრძოლი იოსებ ოსორაული. თუმცა, რადგან ფაქტობრივი მტკიცებულებები მათ არ გააჩნდათ, ისინიც 100%-ით ვერ ასაბუთებდნენ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

41 წლის თუში სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული კონგოში (ცენტრალური აფრიკა) უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში ოთხი თვის წინ ჩავარდა. ოსორაულის ოჯახის წევრები და თუშები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ტყვეობაში მყოფი პირის გამოსახსნელად არასაკმარისად რეაგირებენ.  სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, თუშებმა საპროტესტო აქციები ქვემო ალვანსა და თბილისში გამართეს.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია.

რამდენიმე დღის წინ, ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინანდელია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]