weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მუსლიმური პანსიონატის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ შსს-ს უმოქმედობა აღიარა – EMC

14:55 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.

საკასაციო საჩივარში EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას ორი მიმართულებით აყენებდა: 1. პანსიონატის საქმიანობისთვის მესამე პირების მხრიდან ხელშეშლაზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობის გამო, პოლიციისთვის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დავალების მოთხოვნა; 2. პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეფასება და მისთვის სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

უზენაესმა სასამართლომ საჩივარი მხოლოდ პირველი მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილში კი მიიჩნია, რომ EMC-მ ვერ დაადასტურა, რომ პოლიციის უმოქმედობა რელიგიური სიძულვილით იყო განპირობებული.

„უზენაესი სასამართლოს შეფასებით ის გარემოებები, რომ ქობულეთში სხვა მუსლიმური პანსიონატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ასევე აჭარაში მუსლიმი თემი ახერხებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას, დისკრიმინაციულ მოპყრობას გამორიცხავს და არსებითად პოლიციის არაეფექტიანი მუშაობის პრობლემაა“, – აცხადებენ EMC-ში და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე დავას მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.

ამასთან, EMC-ს განცხადებით, პოზიტიური ფაქტია ის, რომ უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა და მის მიერ მიღებული ზომები არაეფექტიანად და არაპროპორციულად შეაფასა.

EMC მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში განიხილავს.

„ამასთან მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-მ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ვადის გახანგრძლივების ნაცვლად, მიიღოს კომპლექსური ზომები ქობულეთის პანსიონატის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების უფლებების აღდგენისა და დაცვის მიზნით, რათა უფლების დარღვევის მსხვერპლებს 4 წლის შემდეგ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა დაასრულონ 2014 წლიდან დაწყებული პანსიონატის მშენებლობა და შეძლონ მისი დანიშნულების შესაბამისად გამოყენება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო, მუსლიმი თემი ქობულეთში მოსწავლეების პანსიონატის გახსნას ვერ ახერხებს. 2014 წლის 10 სექტემბერს, პანსიონატის გახსნაზე პროტესტის გამოსახატად ადგილობრივებმა პანსიონატის კარს ღორის თავიც მიაჭედეს.

პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]