weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

16:18 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ვალერი მუსაევს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობიდან გამომდინარე, ეს იყო სრულიად მოტივირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პიროვნება, რომელიც იქნა პასუხისგებაში მიცემული და რომელზეც დაუსაბუთებლად ითხოვდნენ პატიმრობას. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა დავარწმუნოთ მოსამართლე, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

მუსაევის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 32 წლის ვალერი მუსაევი 19 დეკემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვალერი მუსაევი 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი მუსაევს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს დავით კირკიტაძეს, რომელიც იგივე ბრალდებით არის დაკავებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის განმარტებით, კირკიტაძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, ამჟამად კი ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

„ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლომ თავით კირკიტაძის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა“, – განმარტავს გურჯაანის რაიონული სასამართლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]