weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაჩალიკაშვილის საქმეზე ზურაბიშვილისა და წულუკიანის პოზიციები უპასუხისმგებლობაა - EMC

17:18 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019
ფოტოზე თამთა მიქელაძე - EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი ფოტოზე თამთა მიქელაძე - EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებები და მათი პოზიციები პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და ადამიანის უფლებების იგნორირების უხეში მაგალითებია.

EMC-ის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებაში არაპირდაპირ ჩანდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების კონოტაცია და ამდენად, დეჰუმანიზების, მისი სიცოცხლის დაკნინებისა და იერარქიზების მცდელობა, ხოლო იუსტიციის მინისტრის ტექსტში ცალსახა იყო სახელმწიფოს მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების უგულებელყოფის აშკარა ინტერესი.

„საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ქვეყანაში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გარანტორები არიან. თუმცა, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და სტანდარტი.

ნაცვლად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მმართველობის პირობებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ხელყოფის პირველი შემთხვევაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყონ პროცესის კანონიერ და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოქცევა, ისინი აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებებისა და ღირსების არაღიარების პოლიტიკას“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამათავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება აშკარად არაეფექტიანი, ფორმალურია და გამოძიების პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები როგორც სპეცოპერაციის დაგეგმვის, ისე ძალის გამოყენების და საქმის გამოძიების ეტაპზე.

EMC-ი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, ადამიანების ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაზე მიმართული განცხადებებისგან და სათანადოდ გაიაზრონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარისხი და ის სოციალური კონტექსტი, რომელიც ამ საქმეს გააჩნია. 

19 მარტს, ტელეკომპანია „პირველისთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ერთ დონეზე არ აყენებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რის მიხედვით ახდენს ამ ადამიანების დიფერენცირებას, უპასუხა, რომ „იცის რის მიხედვითაც“. 21 მარტს კი, თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა, რამდენადაც ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]