weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ია კერზაიას სკოლის ინსპექტირებაში პოლიტიკური დისკრიმინაცია იკვეთება – ISFED

16:35 სამშაბათი, 26 მარტი 2019
ფოტოზე ია კერზაია ფოტოზე ია კერზაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, განათლების სამინისტრომ ინსპექტირება უკანონოდ ჩაატარა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ საკითხზე სპეციალური ანგარიში სახელწოდებით „ინსპექტირება, როგორც სადამსჯელო ღონისძიება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში“ მოამზადა. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების პროცესში ინსპექტორების მიერ პოლიტიკური შინაარსის კითხვები არ დასმულა და არ ყოფილა მინიშნება პოლიტიკური აქტიურობის მოწოდებისკენ, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით იკვეთება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება ჩატარდა უკანონოდ და მისი დაწყების საფუძველი სავარაუდოდ პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რაც სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ 2018 წელს განათლების სამინისტრომ ჯამში 7 ინსპექტირების სამუშაო ჩაატარა, აქედან 6 ნოემბრის თვეში - საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის. ორგანიზაციის ცნობით, 8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად 3 სკოლის შესახებ შევიდა, რომელთა შორის ერთერთი სწორედ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლა იყო.

„სამივე მათგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს - 8 ნოემბერს მიიღო. იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს 2018 წლის თებერვლის შემდეგ ინსპექტირების ჩატარების არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, გაუგებარია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება, რაც ძალიან მცირე დროა სამინისტროს მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას წინააღმდეგ.

„მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მისი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ სამინისტრომ ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე ჩაატარა სკოლაში ინსპექტირება, ეს ქმედება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული ინსპექტირების კანონიერებას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინსპექტირების დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინ მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას. „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას.

„ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში გათვალისწინებული არ არის სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე“, – ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ინსპექტირების დასკვნის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

„შიდა აუდიტმა აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი რეკომედაციებით შესაბამის თანამდებობის პირებს დახმარება უნდა გაუწიოს ეფექტური კონტროლის გაძლიერების მექანიზმების დანერგვაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამის სანაცვლოდ, ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე“, – წერია სპეციალურ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული; ასევე, დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოუწოდებს მას, შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტმანეტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს.

„სამართლიანი არჩევნები“ სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, წინასაარჩევნო პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან“.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

2018 წელს ინსპექტირება 7 სკოლაში ჩატარდა, აქედან 6-ში არჩევნების I ტურის შემდეგ – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]