weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა

10:58 კვირა, 09 დეკემბერი 2018

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, გარდაიცვალა. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

5 დეკემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაჩანა შენგელიამ საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა და განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

„სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული დანაშაული მათი მხრიდან. ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის დისკრიმინაციული ნიშნით დევნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა. აუცილებლად დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის და მათ მიმართ, ასე ვთქვათ, ბრალის წარდგენის ყველა საფუძველს. წარვადგენთ ყველანაირ დოკუმენტაციას და მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ, ვინაიდან მიიღეს ამ ერთ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა“, – აცხადებდა ბაჩანა შენგელია.

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორზე ზეწოლასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს. სამინისტროს მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, რის შედეგადაც ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები გამოვლინდა. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა, თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]