weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბექა ხახუბიას საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა მიესაჯა, ერთი კი უდანაშაულოდ ცნეს

15:04 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

გორის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის ბექა ხახუბიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამრთლოს გადაწყვეტილებით, პატრულ-ინსპექტორებს – ზურაბ რუსიშვილს 18 თვით, ხოლო გია სადაღაშვილს 30 თვით პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწვეტილებით, პატრულ-ინსპექტორი ზურა რუსიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და უდანაშაულოდ იქნა ცნობილი 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გია სადაღაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ნუკრი ხაბელაშვილს, ის ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 313-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

პროკურატურა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს, გამთენიისას, გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. ბექა ხახუბია, რომელიც „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია მის დევნას ახორციელებდა. პოლიციელებმა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ჯიპს გორის გვირაბთან გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება ვერ შეძლო, ტრაილერს შეასკდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი სამართალდამცავებს ადანაშაულებდნენ. დეპუტატ ირაკლი ხახუბიას განცხადებით, მისი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა „პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება“.

„მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას“, – აღნიშნავდა ირაკლი ხახუბია 2017 წლის ოქტომბერში გავრცელებულ წერილში.

ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილს და პატრულ-ინსპექტორებს - გია სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. 2017 წლის 11 აგვისტოს, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე პოლიციელს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, მოსამართლემ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]