weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატი ირაკლი ხახუბია მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

17:38 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

„მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს“, - აღნიშნულია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

„მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი.

ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას.

გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას.

 ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,“  - აღნიშნულია განცხადებაში.

ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, პატრულ-ინსპექტორები გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი - საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება და თანამდებობებიდან მათი გადაყენება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განჩინებით, ბრალდებულებს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]