სამინისტროს ინფრომაციით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის 1-ელ მაისამდე, რუსეთმა არ გადაიხადა „დეპორტირებულების საქმეზე“ დაკისრებული თანხა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მოითხოვეს საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა.
„მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქეს, რომლებიც 2006 წელს ქვეყნიდან გამოაძევა, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.