weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

13:56 სამშაბათი, 28 მაისი 2019

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და მე-14 მუხლების (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე დავობს.

EMC-ის განცხადებით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დღემდე არ ეძლევათ პანსიონატის შენობით სარგებლობისა და სასწავლო პროცესის ჩატარების საშუალება.

„2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი დღემდე ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას.

დისკრიმინაციული დევნის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა, მას თემის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, შსს-ს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა არ დაადგინა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საქმეზე მდგომარეობა არც მას შემეგ შეცვლილა, რაც შსს-ს სისტემაში შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის მიმართულებით მუშაობს“, – აცხადებს EMC.

არასამთვარობო ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფომ ასევე ვერ უზრუნველყო კერძო პირების მხრიდან რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება, საქმეში სიძულვილის მოტივის გამოვლენა, განმცხადებლებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, პოლიციის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის შესახებ გამოძიების დაწყება.

„ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანო - შპს „ქობულეთის წყალი“ დღემდე არ ასრულებს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, მას უნდა აღმოეფხვრა მუსლიმი თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტები. შესაბამისად, ამ დრომდე, პანსიონატის შენობა წყალარინების სისტემაზე დაერთებული არ არის“, – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და სოციალური ცვლილებებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]