weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი დაუსაბუთებლად ცნო

13:59 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამ მიზეზით არსებითად განსახილველად არ მიიღო „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის კოსტიტუციური სარჩელი. სარჩელი სექსუალური შევიწროების საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას ეხებოდა.

ზვიად დევდარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბერს მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც, მისი აზრით, სახალხო დამცველის რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრებას უკრძალავს.

2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველმა დევდარიანის წინააღმდეგ გამოსცა რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც დადგინდა დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. ზვიად დევდარიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე.

დევდარიანი სარჩელში მიუთითებდა, რომ სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პირს, სამოქალაქო დავის ფარგლებში, შეუძლია, აღნიშნული აქტის გამოყენება დისკრიმინაციის ჩამდენი პირის წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით, რეკომენდაციას პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი გააჩნია.

„სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი“, – აღნიშნული იყო ზვიად დევდარიანის სარჩელში.

საკონსტიტუციო სასამარლომ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლებით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც.

„ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები, თავისთავად ვერ გამოიწვევს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას.

ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუძველზე, განაცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმებაზე.

ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად“, – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

2018 წლის 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2018 წლის ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა ხუთი ქალის საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ საქმეს, ხანდაზმულობის გამო, მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]