weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ხელისუფლებამ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს – Amnesty International

10:31 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 hits 150

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International („საერთაშორისო ამნისტია“) განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება დაიცვას.

Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოება, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის უპრეცედენტო მუქარის ფონზე.

„ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის მქონე, ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ მართული ჰომოფობიური ჯგუფი, ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციას გეგმავს, რათა შეაჩერონ „თბილისი პრაიდის“ მარში. 16 ივნისს ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის სამოქალაქო დაცვის ერთეულების ფორმირებას იწყებს, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ხის კომბლებით, რათა თავს დაესხან „თბილისი პრაიდის“ მარშის მშვიდობიან მონაწილეებს. მან ასევე გაავრცელა მუქარა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატების წინააღმდეგ, ვინც მარშზე დასწრებას გეგმავს. 16 ივნისს ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გადმოსცა, რომ სამოქალაქო დაცვაში ათობით მხარდამჭერი ჩაერთო.

17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „უკანონო ფორმირების დაფუძნებასთან“ დაკავშირებით. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ გამოძიების მიუხედავად, ჰომოფობიური მხარდამჭერების გაწევრიანება სამოქალაქო დაცვის ფორმირებაში გრძელდება. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა „ამნესტი ინტერნეიშენალს“ განუცხადეს, რომ ისინი კვლავ იღებენ მოკვლის მუქარებს. ასევე, 17 ივნისს, შსს-ის წარმომადგენლები შეხვდნენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს და განაცხადეს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, უზრუნველყონ პრაიდის მარშის უსაფრთხოება საჯარო სივრცეში. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის აჩერებს სამოქალაქო დაცვის დანაყოფის ფორმირებას, თუმცა განაახლებს, თუ პრაიდის მარში შედგება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის“ მარშის თავდასხმებისგან დასაცავად.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის“ მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და ზემოთხსენებული თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების თავიდან ასარიდებლად. 

მათივე ცნობით, მონიტორინგის გუნდი დააკვირდება „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ლგბტ ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაშე დგანან საქართველოში, „როდესაც ხელისუფლება ხშირად განიცდის მარცხს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებაში“.

გუშინ, 18 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არ გააუქმებენ და საქართველოს ისტორიაში პირველად ჩაატარებენ ღირსების მარშს. მანამდე, პრაიდის კვირეულად 18-23 მაისი გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]