weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს ისტორიაში პირველ ღირსების მარშს არ გავაუქმებთ – თბილისი პრაიდი

18:29 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

„მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას“, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

ორგნიზატორების თქმით, საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მათი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ „განსხვავებულად“ აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები.

გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ღონისძიებები 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. მათი ჩატარების ადგილი უცნობია. 

16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნისა და პატრულირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შემდეგ ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებენ, თუმცა მზადყოფნის რეჟიმში არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]